"ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" მმართველი პარტნიორის ვიზიტი ვენაში

16.12.2018

2018 წლის 12-15 დეკემბერს ჯეი ენდ თი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე და „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის“ თავმჯდომარე ლევან ჯანაშია ავსტრიის ყოფილი იუსტიციის მინისტრის კლაუდია ბანდიონ-ორტნერის მიწვევით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმყოფებოდნენ. 

12 დეკემბერს გიორგი ცერცვაძე და ლევან ჯანაშია, როგორც სპეციალური სტუმრები დაესწრნენ ოფიციალურ საშობაო მიღებას ავსტრიის მართლმსაჯულების სასახლეში, რომელიც იუსტიციის მინისტრის იოზეფ მოზერის სახელით გაიმართა. მიღების ფარგლებში შედგა მოკლეარაფორმალური გაცნობითი შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან იოზეფ მოზერთან და ყოფილ მინისტრთან ნიკოლაუს მიხალეკთან. ეს უკანასკნელი ავსტრიის მეორე რესპუბილიკის ისტორიაში ყველაზე დიდხანს, 10 წლის განმავლობაში (1990-2000 წლებში) ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს.  

14 დეკემბერს კლაუდია ბანდიონ-ორტნერთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლო სფეროები და სამომავლო გეგმები. გიორგი ცერცვაძემ და ლევან ჯანაშიამ ქ-ნი ბანდიონ-ორტნერი საქართველოში მოიწვიეს.