სამუშაო შეხვედრა მედიაციის შესახებ სამომავლო კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე

31.03.2016

2016 წლის 31 მარტს გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოში მედიაციის სამომავლო კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციები ევროკავშირის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი - ვახტანგ თორდია, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერი - პიტერ დენისი და USIAD-PROLoG-ის ხელმძღვანელი - გიორგი ჩხეიძე, ხოლო შეხვედრის მომხსენებლები იყვნენ სასამართლო მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა კალანდაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი ალექსანდრე წულაძე და  საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ცერცვაძე, რომელიც "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" მმართველი პარტნიორია

მომხსენებლები თავიანთ გამოსვლაში შეეხნენ მედიაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ძირითად საკითხებს და გამოწვევებს, რაც დღესდღეობით ქართული მართლწესრიგის პირობებში არსებობს მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების დამკვიდრებისა და განვითარების თვალსაზრისით. შეხვედრის მეორე ნაწილში გაიმართა დისკუსია და დრო დაეთმო აუდიტორიის შეკითხვებსა და ინიციატივებს.

"ჯეი ენდ თი ქონსალთინგი" აქტიურად უჭერს მხარს მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას საქართველოში, ხოლო მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე, როგორც საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, უშუალოდაა ჩართული შესაბამის აქტივობებში